შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.
კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შეაფასა სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.
