ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე პაციენტმა ისარგებლა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
