გიორგი ძაძამია აფხაზეთის რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნით თამაშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მინი ფეხბურთის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.

ფინალური თამაში მინი ფეხბურთში აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი აფხაზეთის ვოვა ვეკუას სახელობის N3 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს. მეორე ადგილი ვაჟთა კატეგორიაში აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლის გუნდს ერგო, ხოლო გოგონებს შორის - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მესამე ადგილი აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა დაიკავა.

მატჩის შემდეგ, მინისტრმა გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.

აფხაზეთის რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სპორტის 5 სახეობაში ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფიზიკური აქტივობის წახალისებასა და ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენას ისახავს მიზნად.