გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე ვეტერანების დამსახურებასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
 
"მინდა მოგმართოთ ჩვენს დევნილ ვეტერანებს, რომლებმაც გამოიარეთ ომის ქარცეცხლი და ამავდროულად, საკუთარ თავზე იწვნიეთ დევნილობის სიმწარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის თქვენი სოციალური და სამართლებრივი დაცვა, თქვენს წინაშე არსებული ყოველდღიური გამოწვევების მოგვარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი მებრძოლი არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციაზე, ვეტერანებმა, ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.
 
აფხაზეთის მეომართა კავშირი იმ ქართველ მებრძოლებს აერთიანებს, რომლებიც 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.