აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად, ფოთში, აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენ ვაშენებთ მომავალს“ გაიმართა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობასთან, პატრიოტიზმთან და ჰუმანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს აერთიანებდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართეს.
გიორგი ძაძამიამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სასწავლო ეტაპის დასრულება მიულოცა, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. მან ასევე, ხაზი გაუსვა განათლების, კულტურისა და ეროვნული ფასეულობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.








