რამინ აფაქიძის პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წელთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე გური ბაქრაძემ სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელში რამინ აფაქიძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

ღონისძიება ღვაწლმოსილი მხატვრის 60-წლიან პედაგოგიურ საქმიანობას მიეძღვნა და სიმბოლურად, მის დაბადების დღეს გაიმართა.

საღამოს მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არაერთი შესანიშნავი მხატვრის, მათ შორის აფხაზი მხატვრების აღზრდაში რამინ აფაქიძის დამსახურებას, მადლობა გადაუხადა აფხაზეთის დამსახურებულ მხატვარს 60-წლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის და სამინისტროს სახელით იუბილე მიულოცა.

რამინ აფაქიძე გამორჩეული ხელწერის მქონე, თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და არაერთი პრემიის ლაურეატია, მას მიღებული აქვს აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდება. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი, გემოვნებიანი სტილი და მუდამ ბავშვური გულწრფელობა, რაც ყოველთვის გამოარჩევს მის შემოქმედებას.