აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა.ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.