აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

გიორგი ბარამიამ ნიუ–იორკში დევნილებთან შეხვედრისას გრაგნილს მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებილ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ნიუ-იორკში საქრთველოს საკონსულოში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. შეხვედრას ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული, ირაკლი ჟორდანია ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებთან ერთად ხელი მოაწერა გრაგნილს, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიმართ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართვას ასახავს. გრაგნილი რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცემა.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია დევნილების ჩართვა ყველა პროცესში. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მივიღე ამ აქციაში მონაწილეობა. ეს კიდევ ერთი მესიჯია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორცილებს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს რიკი შიჰის შეხვდა. შეხვედრისას მხარეება განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება. ასევე, აშშ-ში შეხვედრის ფარგლებში გიორგი ბარამიამ  და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ბიატრისის სტუდენტური დაწესებულების" პრეზიდენტმა, დევნილებისათვის გაცვლითი პროგრამების საკითხი განიხილეს. აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ამერიკელ მილიარდელ ტონი დუნკანთანაც, რომელმაც საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველშო ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.

აფხაზეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ნანა ფიფიას ოჯახს, არსებული პრობლემის გარკვევის შემდეგ ერთჯერადი დახმარება გადაეცა. ამასთანავე სტაციონალური მკურნალობის პერიოდში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა ჯგუფი პაციენტის მდგომარეობას მორიგეობით აკონტროლებდა.

აფხაზეთის მთავრობა  ნანა ფიფიას ოჯახს კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალშიც დაეხმარება.

გიორგი ბარამია აშშ–ის ნებრასკის შტატის ვიცე–გუბერნატორს რიკ შიჰის შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აშშ-ის ნებრასკის შტატის ვიცე-გუბერნატორს, რიკ შიჰის შეხვდა. გიორგი ბარამია ვიცე-გუბერნატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე  მთავრობის თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, ამ პროცესში სახალხო დიპლომატიის როლსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე. ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობა სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის წევრის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი გიას სახით საქართველომ დაკარგი კარგი მამულიშვილი, ბრწყინვალე მეცნიერი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი პიროვნება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დელეგაციაში ასევე შედიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტ დოქტორ ჯეკ ჰუკთან, ნებრასკის ვიცე-გუბერნატორ რიკ შიჰისთან და ნებრასკის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ბაიერთან.

ქართული სამთავრობო დელეგაცია  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტთან შეხვედრისას „სამშვიდობო განათლების" საზაფხულო ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ  2011 წელს  ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში მოეწყობა.

შეხვედრისას  მხარეები  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯისა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ. ასევე  განიხილავენ საქართველოს ნებრასკითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯით დაინტერესების საკითხსა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.

მოეწყობა ტური „სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის" ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი ლინკოლნის სტუდენტურ დაწესებულებაში. „ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის" დოქტორის დელ ჰარნიშის ორგანიზებით, ასევე მოეწყობა ტური აღმოსავლეთის სტუდენტურ დაწესებულებაში.

20 ნოემბერს ქართული დელეგაცია  ჰუმანიტარულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას , რომელიც ლინკოლნში მცხოვრები დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის „სოციალურად დაუცველი პირების ცენტრი"-ში  გაიმართება.

14 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2010“ გაიმართა

14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართა.  ჩატარდა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, აფხაზეთის ახალგარზდულმა კაპელამ, აფხაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ბავშვთა ანსამბლებმა და ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხეალნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა მოეწყო, რის შემდეგაც რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში,  ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო" წარმოადგინა.

13:00 საათზე კი მუზეუმის ამფითეატრში, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სპექტაკლის „გამარჯობა სოხუმო" ჩვენება გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,კოალიცია სამართლიანობისათვის"პროექტის - "მეხსიერების ბიბლიოთეკა" ფარგლებში ექსპონატების გამოფენა მოაწყო.

14:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართა. ქორწილი აფხაზური ტრადიციით ჩატარდა. პატარძალი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე სენაკური ოდიდან გამოიყვანეს. მას ეზოში აფხაზური სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ, რომელიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა შეასრულეს. სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე, გალა კონცერტით დასრულდა.

სახალხო დღესასწაულს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. „აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება.

 

გიორგი ბარამიას ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფხაზეთიდან დევნილს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

12 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ, ვლადიმერ ფანჩულიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

ვლადიმერ ფანჩულიძე აფხაზეთის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა  ნუგზარ სექანიამ მოინახულა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი პირადად გადასცა. 

ვლადიმერ ფანჩულიძე დევნილობის შემდეგ ქ. სენაკში ნათესავებთან ცხოვრობს.  ის 3 წლიდან ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

აფხაზეთის მთავრობას აჭარის ხელისუფლებაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობას, აჭარის ხელისუფლებაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას მიაწვდის. ამ ინიციატივის შესახებ  ლევან ვარშალომიძემ  განცხადება გიორგი ბარამიასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გიორგი ბარამიას განცხადებით, ჩამოყალიბდება სამთავრობათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც აჭარისა და აფხაზეთის განათლების მინისტრები უხელმძღვანელებენ.  საბჭოს ფუნქცია,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება იქნება.

ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრამდე, აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარემ, დაბა ჩაქვში დევნილების კომპაქტური ჩასახლების ობიექტი მოინახულა.გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილების სოციალურ მდგომარეობასა და საცხოვრებელ პირობებს.

აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა ქუთაისში გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა ქუთაისში . სხდომას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია უძღვებოდა.  მთავრობის სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს: აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა; ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შეჯამება; აფხაზეთის კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა. გიორგი ბარამიამ, მთავრობის წევრებისაგანა დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმერეთსა და აჭარის რეგიონებში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და მთავრობის წევრებთან ერთად, მათი მოგვარების გზები განიხილა.  მთავრობის სხდომას იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მხარის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. გიორგი ბარამია და ლაშა მაქაცარია მჭიდრო თანამშრომლობაზე და დევნილთა პრობლემების ერთობლივ გადაწვეტაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ქუთაისის მერმა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულეს

აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომის დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ქუთაისის მერი, გიორგი თევდორაძე  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს (გამსახურდიას № 61ა) ესტუმრნენ.

გიორგი ბარამია და გიორგი თევდორაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობის წევრებს  კონკრეტული დავალებები მისცა: ადგილობრივ უწყებებთან ერთად  დევნილთა პრობლემების დროულად მოგვარება, კოორდინირებული მუშაობა და პრობლემების ადგილზე გადაწყვეტა.

იმერეთის შემდეგ, გიორგი ბარამიამ აჭარის რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების  ობიექტები მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებების მიმდინარე შედეგების განხილვა გაიმართება

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტი, კლიმატის კვირეულის ფარგლებში დიალოგს  გამართავს თემაზე "აფხაზეთის ტერიტორიაზე  კლიმატის ცვლილებების მიმდინარე შედეგების განხილვა". აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები  აფხაზეთში არსებული რთული ეკოლოგიური პროცესების შესახებ ისაუბრებენ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები  და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.კლიმატის კვირეულის ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის პატრონაჟით, აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში (ყაზბეგის #42) გაიმართება.

გიორგი ბარამია დევნილთა მორიგ სამედიცინო-გამოკვლევებს დაესწრო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა, ბაგებში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი ბავშვების სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრნენ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმებმა, 90-მდე მოზარდს სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს.

გიორგი ბარამიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი,  დევნილებზე ზრუნვაა.აფხაზეთის მთვრობა სამედიცინო აქციების განხორციელებას, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების  სხვა ობიექტებშიც გეგმავს.

დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ეს აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული რიგი მეოთხე აქციაა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დევნილთა სამედიცინო პროფილაქიკურ გამოკვლევებს დაესწრებიან.

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა, ბაგებში (ყოფილი სტუდქალაქი) დევნილთა კომპაქურ ჩასახლებაში, დევნილთა სამედიცინო პროფილაქიკურ გამოკვლევებს დაესწრებიან. 

აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, სასტუმრო ბახტრიონის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაატარა. სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა  დაესწრო. 

გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში შპს "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გლდანის პოლიკლინიკის-ექიმები  ატარებდნენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ ობიექტზე 100-მდე ბენეფიციარია.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟენევაში გაემგზავრა

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველო ორი ძირითადი საკითხით წარსდგება - ეს არის პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების უპირობო დაბრუნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების დროს იმ 12 დაკავებული ქართველის გათავისუფლებასაც მოითხოვს, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში იმყოფებიან.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ქართველი დევნილების თემაზე,  ქართული მხარის პოზიციებს ჟენევის მოლაპარაკებაზე კიდევ უფრო გაამყარებს.
,,ამ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები  და მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უფრო ნაყოფიერი იყოს. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისათვის. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით რუსულ მხარეზე, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ პოლიტიკურ მანიპულუაციას აწარმოებს.  ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია - ბოლომდე დავიცვათ ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია,"- განაცხადა შვეიცარიაში გამგზავრების წინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ჟენევის მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.