აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" აღმასრულებელ დირექტორ ნაპოლეონ მილორავასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ძალისხმევის კონსოლიდაცია საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
პარტნიორობა ითვალისწინებს მხარეთა რესურსების, გამოცდილებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერას, ასევე მათთვის განვითარების, განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივას, უზრუნველყოფენ ანალიტიკური, მეთოდოლოგიური და საინფორმაციო რესურსების გაზიარებას, რაც გააძლიერებს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, გაზრდის პროგრამების ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს საერთო მიზნების მიღწევას.
