აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
პროექტში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. ჯამში, საერთაშორისო ბანაკში 30 ახალგაზრდა ჩაერთო.
7-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, მონაწილეებმა ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.
საერთაშორისო ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა, ახალგაზრდებისთვის ღირებულებითი განათლების თემაზე ლექციები ჩაატარა.
ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბერძენ მასპინძლებს ქართული კულტურა ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების შესრულებით გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მსოფლიო საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთსა და თურქეთში საერთაშორისო ბანაკებს უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.
პროექტის მიზანია დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის, თანატოლებთან კომუნიკაციისა და კულტურული გაცვლის შესაძლებლობის შექმნა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში და ეცნობიან მასპინძელი ქვეყნების ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.






