საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.

ათენის საერთაშორისო ბანაკი სამ ნაკადად ჩატარდა, სადაც ჯამში 150-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტში აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

მოზარდები 14 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ; მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკების დახურვის საზეიმო ღონისძიებებზე ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი „ჰელადოს!“, შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსები.

ბანაკების დახურვის ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანს დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, თანატოლებთან კომუნიკაცია და კულტურული გაცვლის შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენდა.