2026-09-26 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პროექტი „ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის ხელშეწყობისთვის“ დასრულდა.
ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის ხელშეწყობისთვის“ დასრულდა.
მშვიდობის მშენებლობის, ნდობის აღდგენისა და დიალოგის საკითხებთან დაკავშირებულ პროექტში 24 დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
სამი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამშვიდობო პროცესებისა და შერიგების საკითხებზე, იმსჯელეს ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და გამოცდილება და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით შესაბამისი უნარების განვითარებაზე იმუშავეს.
პროექტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია შეხვდა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, ზვიად ზვიადაძესთან, რომელმაც ახალგაზრდებთან სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების საკითხებზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა საკითხები განეხილათ, საკუთარი ხედვები წარმოედგინათ და დიალოგის პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი მონაწილეობის ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.





