აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
სენაკის ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური დადგმა „ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“ წარმოადგინეს. მაყურებლის წინაშე ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გაცოცხლდა. ღონისძიების ფარგლებში, პატივი სენაკთან დაკავშირებული ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას მიაგეს.
საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თეატრალური დადგმა, რომელიც უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნასა და სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული ადამიანების ღვაწლს მიეძღვნა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
