აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა, მათ სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის აღნიშნულ უნივერსიტეტს განსაკუთრებული როლი აქვს. ეს უნივერსიტეტი არის ხიდი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც, სამშვიდობო მიმართულებისთვისაც, პოლიტიკისთვისაც. მთელი გულით ვულოცავ სტუდენტებს, ვუსურვებ წარმატებებს და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ დიდი წვლილი შეეტანოთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დათო კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი აფხაზეთიდანაა.
