აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გამოფენა „ხიდი“ გაიმართა. ექსპოზიცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის აღდგენას მიეძღვნა.
გამოფენილი ნამუშევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ დაათვალიერა.
მინისტრმა გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ დამთვალიერებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც მსგავსი თემატიკის კულტურული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესში ხელოვნებას შეუცვლელი ადგილი უკავია.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბასარია, მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ექსპოზიცია ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, გამოყენებითი ხელოვნების, ქანდაკებისა და ჭედური ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავდა.
ღონისძიებას საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.
