2026-10-04 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გარდაიცვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრის, ღვაწლმოსილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ქალბატონ მერი ჯანგველაძის გარდაცვალების გამო.
მერი ჯანგველაძე 1989–1994 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო. მისი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მისი მინისტრობის პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს ეტაპს დაემთხვა - ომსა და მასობრივ იძულებით გადაადგილებას. ამ რთულ ვითარებაში იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ზრუნავდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების შენარჩუნებასა და უწყების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.
1993 წელს აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ მერი ჯანგველაძემ სამინისტროს საქმიანობა დევნილობაში განაგრძო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უწყების ინსტიტუციური უწყვეტობის შენარჩუნებაში.
მისი პროფესიული დამსახურება სახელმწიფომ სათანადოდ აღიარა - მერი ჯანგველაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გამოჩენილი ორგანიზატორული ნიჭის, მოქალაქეობრივი სიმამაცისა და თავდადებისთვის.
ქალბატონი მერი ჯანგველაძის გარდაცვალებით აფხაზეთის ჯანდაცვის სფერომ დაკარგა ღირსეული პროფესიონალი და სახელმწიფო მოღვაწე. მისი სახელი და პროფესიული მემკვიდრეობა აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თანაუგრძნობს მერი ჯანგველაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და თანამოაზრეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს
