აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამშვიდობო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სივრცეების როლს გაუსვა ხაზი.
 
სამშვიდობო ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გახსნეს.
ახალი სივრცე სტუდენტებს, მკვლევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ითანამშრომლონ სამშვიდობო მიმართულებით და ხელი შეუწყონ კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.
 
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ მიმართეს.
 
ცენტრის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პროფესორები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
სამშვიდობო ცენტრების შექმნის ინიციატივა 2022 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. წელს ინიციატივას ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.
 
ცენტრის მიზანია სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება და ამ მიმართულებით აკადემიური რესურსების გაერთიანება.