საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში პროექტის „აფხაზეთის მეხსიერების ხიდები - ახალგაზრდული აკადემია მშვიდობის, დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის” პირველი ტრენინგი ჩატარდა.

პროექტში 25 სტუდენტი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ.
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 12 ტრენინგი, რომელიც აფხაზეთის ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებას, კონფლიქტისა და უსაფრთხოების საკითხებს, ნდობის აღდგენისა და დიალოგის პრაქტიკულ გამოცდილებას დაეთმობა.
 
გარდა ტრენინგებისა, პროექტი, ასევე, ითვალისწინებს „მეხსიერების ლაბორატორიის” შექმნას, ასევე პოლიტიკის დოკუმენტისა (Policy Paper) და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადებას.
 
გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ ზვიადაური და მისი მოადგილე ნინო ციხელაშვილი დაესწრნენ.
 
ტრენინგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.