პროექტის „ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთის მეომართა კავშირი ახორციელებს, პანელური დისკუსიები გაიმართა.

ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ ეკა წივწივაძესთან ერთად, ახალგაზრდებთან, ქართულ-აფხაზური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ურთიერთგაგების საკითხები განიხილა.
 
ღონისძიება ასევე მოიცავდა პანელს „სამშვიდობო ინიციატივები და დიალოგის როლი”, რომელსაც აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია უძღვებოდა.
 
ბაკურიანში ჩატარებული ტრენინგები გუნდურ მუშაობას, ლიდერობასა და სამშვიდობო ჟურნალისტიკას დაეთმო. პრაქტიკული სესიების დროს ახალგაზრდებმა პოდკასტების ჩაწერაზე, ხმის დამუშავებაზე, გადაღებასა და მონტაჟზე იმუშავეს. გაიმართა ფილმის ჩვენება და განხილვა.
 
პროექტის მიზანია ახალგაზრდების მედიაუნარების განვითარება და ციფრული კომუნიკაციის საშუალებით დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობაში მათი ჩართულობის გაძლიერება.
 
შემაჯამებელი ფორუმი 25 ნოემბერს ზუგდიდში გაიმართება, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებული 6 პოდკასტისა და 10 მოკლე ვიდეორგოლის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.