განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ, აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულა.

მინისტრის პირველი მოადგილე ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლებს, ასევე სენაკში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლასა და ჩხოროწყუში არსებულ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესს, დაათვალიერა სკოლების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო. სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისგან, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან ინფორმაცია მოისმინეს მათი საჭიროებების შესახებ და, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაიზიარეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 13 საჯარო სკოლა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განაწილებული. აფხაზეთის საჯარო სკოლებში 2 351 მოსწავლე ირიცხება და 312 მასწავლებელია დასაქმებული.