2026-11-08 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლის „შერისხულნი“ პრემიერა გამართა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს ახალი სპექტაკლი ,,შერისხულნი" წარუდგინა. პრემიერას, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე შედგა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი დაესწრო.
,,შერისხულნი" გვიყვება ამბავს არასწორი მოლოდინით გამოწვეულ ტანჯვაზე; კაცზე, რომელმაც ღმერთის დაგვიანებული სამართლის მოლოდინში, თავი გაინადგურა.
სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით, გოგა ქაჩიბაიამ დადგა. მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა, ქორეოგრაფია კი - ნიკო ნანიტაშვილს. დასის შემადგენლობაში არიან ანა სოხაძე, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ კობახიძე, მერაბ შარიქაძე, ნიკალა ზაქარიაშვილი, ანა ხურციძე, ირაკლი მანაგაძე და კახა ჯოხაძე.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
