ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ხიდი" გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ხიდი" გაიმართა. ექსპოზიციას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა.

გახსნის ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე გური ბაქრაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებას გამოფენის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის აღდგენის პროცესში ხელოვნების, კულტურისა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯგუფური გამოფენა ,,ხიდი" ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მასში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ტურისტები და სხვა მოწვეული სტუმრები იყვნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის კულტურული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა.