თბილისში ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, თბილისში ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. 18-წლამდელთა შორის შეჯიბრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციისა და საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმი-ჯორჯია 2023-ის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში საქართველოსა და სომხეთის სახელით 8 გუნდმა იასპარეზა. შეჯიბრის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი ,,ჰიუნდაი“ გახდა, მეორე ადგილი ,,გიგანტმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ,,მუხბემ“ სომხური ,,Yerevan Foxes” დაამარცხა.

ფინალურ დაპირისპირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მინისტრის მოადგილემ პრიზიორები ვალერი ჯგერენაიას შვილიშვილებთან ერთად დააჯილდოვა.

ვალერი ჯგერანაია სოხუმში დაბადებული სპორტსმენია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კალათბურთის განვითარებაში როგორც მოთამაშემ და შემდეგ მწვრთნელმა. წლების განმავლობაში იგი „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ირიცხებოდა, მისი სამწვრთნელო კარიერა კი ,,სოხუმი 91-სა“ და ს.კ. ,,თბილისს“ უკავშირდება.