2026-11-25 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
გიორგი შარვაშიძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია ,,გულანის“ ორგანიზებით, გიორგი შარვაშიძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მოადგილესთან, ანა გიორგობიანთან, ერთად დაესწრო.
საღამო მიზნად ისახავდა გამოჩენილი პოეტის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მრავალმხრივი შემოქმედებისათვის პატივის მიგებას. ხაზი გაესვა გიორგი შარვაშიძის უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებასა და ისტორიული კავშირების განმტკიცების საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისგან, დავით აღმაშენებლის სახელობის ენდალმითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
თბილისის საკრებულოში შეკრებილი მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართველი ხელოვანები, მწერლები, პოეტები და ანსამბლები, მათ შორის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი".
საიუბილეო საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ხელოვანები, მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
