აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, პროექტის „ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტის შემაჯამებელ ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაიასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და ახალგაზრდებს ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნამუშევრების საჯარო პრეზენტაცია და მედია-ჩვენება მოეწყო. პროექტის მონაწილეები კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში 16-29 წლამდე 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს შემდეგ თემებზე: სთორითელინგი და ეფექტური კომუნიკაცია, პოდკასტის მომზადებისა და მონტაჟის ტექნიკები, დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება, სამოქალაქო ინტეგრაცია და მშვიდობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 6 პოდკასტი და 10 მოკლე რილსი.
