აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტყვარჩელში მოწამლული მოსახლეობის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტყვარჩელში, სასმელი წყლით მოწამლულ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს.

„ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას და გავუწიოთ ყველა სახის დახმარება მომართვის შემთხვევაში. გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რესურსი და აღმოვუჩინოთ სამედიცინო მომსახურეობა. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გავუწიოთ მათ გადმოყვანას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ტყვარჩელში სასმელი წყლისაგან 300-მდე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივი მოსახლეობის ინტოქსიკაცია სასმელ წყალში კანალიზაციის გაჟონვამ გამოიწვია. დაზარალებულთა უმეტესობა მოზარდია. ისინი ოჩამჩირის, სოხუმისა და გალის საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მოწამლულთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ადგილობრივი სკოლები და საბავშვო ბაღები დახურულია.