აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვიტალი დარასელიას გახსენება

1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, ოჩამჩირის მკვიდრი ვიტალი დარასელია. მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა ქართული ფეხბურთისათვის.

ვიტალი დარასელია იყო ნიჭიერი, მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც ბურთის ფლობის საუკეთესო ტექნიკით გამოირჩეოდა.

ვიტალი დარასელია თბილისის „დინამოში" (1975-82 წწ) 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და უმოკლეს დროში მის განუყოფელ ნაწილად იქცა."დინამოს" შემადგენლობაში მან 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.

დარასელიას და საერთოდ ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება უკავშირდება 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებას - მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც თბილისის „დინამომ" იენას (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) „კარლ ცაისი" დაამარცხა და უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა.

ვიტალი დარასელია იყო უამრავი რეგალიის მფლობელი, მათ შორის სსრკ-ს ჩემპიონი, ვერცხლის მედალოსანი და 1981 წლის უეფას თასების მფოლბელთა თასის მფლობელი.

ვიტალი დარასელიას სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.