აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვაზიანის მინი-ფაბრიკაში წარმოებული ფეხსაცმელები ომის ვეტერანებს საჩუქრად გადაეცათ

გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით სამკერვალო მინი-ფაბრიკა 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა, სადაც 20-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-მ აღნიშნული სამკერვალოს მიერ წარმოებულ 350 წყვილი ფეხსაცმელი შეისყიდა, რომელიც I ჯგუფის ინვალიდებსა და სციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს გადაეცათ საჩუქრად.

მინი-ფაბრიკაში იმყოფებოდნენ და გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები.