აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.

„ჩვენ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩავაბარეთ პარლამენტს, მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს წარმომადგენლობებს იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეს კი ანგარიში წარვუდგინეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რადგან კონსტიტუციურად ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ უმაღლესი საბჭოს წინაშე. ბატონმა გია გვაზავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა აფხაზეთის მთავრობას და მის სტრუქტურებს ახლებური და ნოვატორული მიდგომებისკენ უბიძგა. ეს გამოჩნდა 2015 წლის ანგარიშში, რომელმაც გამოკვეთა შესრულებული საქმეების მასშტაბი. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დევნილებთან დაკავშირბით ჩვენ ზღვა სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბუნებრივია, უნდა გაძლიერდეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი აქტიურობა, მათ შორის ევროსაბჭოში.

საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას, სამეცნიერო წრეებს, პოლიტიკურ ელიტას მცდარი წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის ტრაგედიაზე. დავასახელებდი ესპანეთს, იტალიას, თურქეთს და სხვა ქვეყნებს. ეს პოლიტიკური საკითხია, ამიტომ საჭიროა ხშირი ჩასვლა ამ ქვეყნებში, ინფორმაციების გაცვლა, პოლიტიკოსებთან და სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები, ფრთხილი, მოზომილი და  ეფექტიანი მუშაობა, რომელსაც შეუძლია ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლა  და  მისი სხვა ყალიბში გადაყვანა. ძალიან მახარებს, რომ კარგად შეფასდა საინფორმაციო ცენტრის უზრუნველყოფის საკითხი, ასევე კარგი შეფასება მიეცა ჩვენ მიერ დაფინანსებული ჟურნალების პერიოდიკას „იალქანი", „რიწა", „აფქიო". სამწუხაროდ  ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ იქ მომუშავე თანამშრომლებს, რაც გამოსასწორებელია. ამავე დროს გვისაყვედურეს, რომ მცირე დაფინანსება აქვს ჯანდაცვის უზრუნველყოფას. რასაც ვიზიარებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ახალი პროგრამები, რომელიც ამ ნაკლის კომპენსირებას მოახდენს. ვერ დაგიმალავთ, იმასაც, რომ გულისწყრომას იწვევს ჩვენს კოლეგებში ჰააგის სასამართლო, რომელიც იხილავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტრაგედიას, პროცესს მიღმა კი რჩება 2008 წელს კოდორში მომხდარი მოვლენები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამასთან დაკავშირებით მოეწყოს ჩვენი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, რომ მივაწოდოთ ჩვენი დოკუმენტაცია ჰააგის ტრიბუნალში წარსადგენად." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.