აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეა" - ს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს კოორდინატორი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე  სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელმაც წაიკითხა პრეზიდენტის სიტყვა და საერთაშორისო ფონდ „ლეა"-ს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილითა და ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშასა და ნაცისტური რეჟიმის ყველა სახის მსხვერპლის ხსოვნას. ასევე, ჰოლოკოსტის თემაზე  ფოტო-გამოფენა მოეწყო.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAIG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის „მხარდამჭერი პროგრამა (PITA), ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იყვნენ.