აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „რენალდ დგებუაძე“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, რენალდ დგებუაძის მეუღლე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ახლობლები და მეგობრები.

რენალდ დგებუაძის მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.
„რენალდ დგებუაძეს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელს ჩვენ ძალიან დიდი მოწიწებით მოვიხსენიებთ, ვინაიდან მისი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება ყველაზე სათუთი საკითხების მიმართ სრულიად განსაკუთრებული გახლდათ. მის მიერ თქმული ნებისმიერ სიტყვასა და ფრაზას გასაოცარი ლაზათი ახლდა. რენალდ დგებუაძისთვის პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყანა სალოცავი ხატი გახლდათ, რომელსაც ვერაფერთან ვერ გავაიგივებთ. ჰუმანიზმი, სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი ტალანტი, სიყვარულის ნიჭი მას ყველასგან გამოარჩევდა. იყო პოეზიის დიდი მცოდნე და მოყვარული. არაჩვეულებრივად ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას. მისი ცოდნა და განათლება ირგვილვ მყოფთ აღაფრთოვანებდა, ახალგაზრდობას კი მისაბაძ მაგალითად ესახებოდა. პატივისცემით ვიხსენებთ მის მშობლებს, რომელთაც ქვეყანას 6 შვილი აღუზარდეს. ძალიან დასანანია, რომ დღეს იგი ჩვენს შორის აღარ არის. ეს დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისათვის“. - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.