აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში 1000-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი ახალი წელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.

აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები.

აქციის ფარგლებში პროდუქტები დაურიგდათ მარტოხელა დედებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს, ბავშვობიდან ინვალიდ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, დედმამით ობოლ არასრულწლოვან ბავშვებს, 90 წელს გადაცილებულ მოხუცებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. დევნილებს საახალწლო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ.

საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია 2014 წელს საახალწლოდ გაიმართა და მას შემდეგ პერმანენტულად იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, კომპანიებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

ვახტანგ ყოლბაიამ აქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს აქციას ახალი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აქციას, აფხაზეთის ხელისუფლება უკვე მეოთხედ ვატარებთ. ამ აქციის ძირითადი არსი თანადგომის გრძნობის გაღვივება, ურთიერთპატივისმიგების, ერთად საქმის კეთების გრძნობის აღზრდაა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ, დევნილი მოსახლეობა არა ვართ განებივრებული ასეთი კოლექტიური აქციებით თუ არ ჩავთვლით დევნილთა შემწეობებს, ბინების გადაცემას, რეფერალურ და ჯანდაცვითი პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. წელს ძალიან სერიოზულად დაგვეხმარა ქალაქ თბილისის მერია, საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ბატონი დავით ნარმანია. აქციაში ჩაერთო რამდენიმე უწყება, რომელიც წინა წლებში არ მონაწილეობდა. მათ შორის მინდა აღვნიშნო კომერციული ორგანიზაცია შპს „გურიელი“, რომელიც მხარში გვიდგას და დევნილებისთვის გადასაცემად უფასოდ გვაწვდის თავის პროდუქციას. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წელს დაფუძდნენ და უკვე იმთავითვე გვეხმარებიან. მათ შორისაა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“. წელს ასევე დაგვეხმარა „კორ სტანდარტ ბანკი“. ყოველ მათგანს დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თანადგომისა და დახმარებისთვის.

სიახლე კი ის გახლავთ, რომ ამ ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ ახლად გარემონტებულ შენობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე მოვახერხეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში, მოუწესრიგებელი პირველი სართული გაგვერემონტებინა. ახლა ჩვენს კაპელას, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს სარეპეტიციო, ჩვენი სპორტსმენებს კი სავარჯიშო დარბაზი აქვთ, რომელიც აღჭურვილია გასახდელებით და საშხაპეებით. გვეამაყება, რომ ეს შევძელით. ახლა აქ სხვა განწყობაა, სხვა იერი დაჰკრავს ყველაფერს.

დღეს საახალწლო ნობათები გადაეცათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას, მრავალშვილიან დედებს, 90 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, აფხაზეთის ომის ინვალიდებს, უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს და მსგავს ადამიანთა კატეგორიას. ჯამში სადღაც 700-ზე მეტი ბენეფიციარია. ვაპირებთ რეგიონებში გასვლასაც. ნობათებს დავურიგებთ ომის მონაწილეებს ზუგდიდში, ბენეფიციართა გარკვეულ რაოდენობას რუსთავში გადავცემთ საახალწლო ძღვენს. ჩვენი წარმომადგენლობების ადგილობრივ მმართველობასთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ საახალწლოდ 100-100 ლარი გამოუყო დევნილთა გარკვეულ კატეგორიას. რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა მოვახსენო.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მხოლოდ ლოზუნგი არ გახლავთ. უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი თანამოძმეზე ზრუნვა ადამიანს სულიერად ამაღლებს, როცა ხედავს როგორ სიხარულს გვრის მეორე ადამიანს ახლობლის ყურადღება და დაფასება. სამწუხარო ისაა, რომ ვერ მოვიძიეთ ჯერ-ჯერობით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ. ამიტომ ვფიქრობ უკმაყოფილოებიც იქნებიან. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაკლებთ ცდას ყველა მათგანს ხმა მივაწვდინოთ. ხვალ კვლავ გაგრძელდება საახალწლო ძღვენების დარიგება, შემდეგ კი გავალთ რეგიონებში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ჰუმანურ აქტში. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას აფხაზეთის სტრუქტურების თანამშრომლებს, მინისტრებს, რომელთაც ჩათვალეს, რომ მათ აქვთ რაღაცნაირი ვალდებულება იმ დევნილების მიმართ, რომლებიც არსად მუშაობენ, იმ დედების მიმართ, რომელთაც შვილები ომში დაკარგეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვფიქრობ საერთოდ ეს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.