აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. ქართული მხარე ასევე აპირებს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთოს გალის რაიონში მდებარე სკოლებში ქართული ენის აკრძალვაზე. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება კონფლიქტის ზონებში ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე.