აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ქალაქ ჯვარში სათემო ბიბლიოთეკა გაიხსნა

დღეს, ქალაქ ჯვარში „ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა.

ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ადგილობრივ სათემო ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო ფონდის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სამასამდე, ხოლო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ასამდე წიგნი გადასცა.

ბიბლიოთეკა აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეიქმნა.  პროექტის მიზანია ქ. ჯვარის დასახლების, მიმდებარე სოფლების დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გარდა ამისა, დღესვე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ  და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.