აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №7 საჯარო სკოლაში, რომელიც სენაკში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.

დღეს, აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.

სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა თვალსაჩინოება, ფერადი ილუსტრაციები, რუკები, ფოტოები, ვიდეომასალა.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წლების მანძილზე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წარმაოდგინეს მინიატურები, ლექსები და სიმღერები.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, 2017 წლიდან, აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება, შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე ამზადებს. მისივე თქმით, ეს აფხაზი ხალხისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული და აფხაზური სახელმწიფო ენებია. ამიტომ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, ენგურს გამოღმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლებში, შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. რთული ენაა თავისთავად და როგორც ყველა ენას, მასაც სჭირდება სერიოზული მომზადება და მიდგომა. გადავწყვიტეთ, საწყის ეტაპზე სწავლება შემოვიღოთ მხოლოდ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. იმ განზრახვით, რომ ამ ეტაპზე მოზრდილი ბავშვები უკეთ აითვისებენ სალაპარაკო ენას. 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლებას პირველი კლასიდან დავიწყებთ. სწორედ ამ მიზნით, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს განათლების სამინისტრო ჩვენთვის შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას ამზადებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მასწავლებელთა ტრენინგები, შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება-დასტამბვა. ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ 2017 წლიდან მასობრივად შევუდგეთ აფხაზური ენის სწავლებას. ჩვენთვის, ეს ძალიან სერიოზული ამოცანა და განზრახვაა. უწინარესად, ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზური ენის დაცვასაც და განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ დააკვირდებოდით, როგორი სიყვარულით ეპყრობიან აფხაზურ ენას ბავშვები - მინიატურებს დგამენ, ლექსებს წარმოთქვამენ, მღერიან. როგორც ხედავთ, აქ სათანადო განწყობაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ენის ცოდნა უდიდესი სიმდიდრეა ყოველი ჩვენგანისთვის. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აფხაზური, რომ გარდატეხა მოახდინონ ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებში, აღადგინონ ურთირთგაგება, ნდობა და სიყვარული. ვფიქრობ, რომ აფხაზური ენის შესწავლა იქცევა ერთ-ერთ მთავარ პატარა ბერკეტად ქართულ-აფხაზური ხიდის აღდგენაში, რომელსაც გულმოდგინედ აშენებს მთელი საქართველო". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.