აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაშრომის „ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 1997“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" მიერ მომაზადებული ნაშრომის - „ჰონკონგი, ჩინეთი-1997" ერთობლივი პრეზენტაცია გამართა.

ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი" კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ჰონგ-კონგის ფენომენმა დააინტერესა. 1997 წელი ჰონგ-კონგის ჩინეთის სახლემწიფოს შემადგენლობაში დაბრუნების ფაქტი უნიკალურ მოვლენად იქცა მსოფლიო პოლიტიკურ სვრცეში. ჰონგ-კონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. წიგნის ავტორებმა პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ და სოფო მიდელაშვილმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა. ის განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისათვის ახალი გზების ძეიბას, რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობს წევრები, აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული მეცნიერები.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში საზოგადოების ყველა ფენა უნდა ჩაერთოს და ეს ნაშრომიც სწორედ ამის მაგალითია.

„არაერთხელ მითქვამს და კვლავაც მინდა გავიმეორო, რომ აფხაზეთის თემას მეცნიერული კვლევა და მიდგომა სჭირდება. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დავშორდით აფხაზეთს. გალის მოსახლეობის საშუალო ასაკი 50 წელს უახლოვდება. დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს და არც იმუშავებს თუ ჩვენ მხოლოდ მოლოდინით ვიცხოვრებთ. ასეთი მიდგომა საქართველოს შემადგენლობაში ვერ მოაქცევს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. დღევანდელი პრეზენტაცია მაგალითია იმისა, რომ მეცნიერულ კვლევებს ალტერნატივა არ გააჩნია. საგულისხმოა წიგნიდან ერთი ამონარიდი, რომელიც ჩემ სათქმელს მთლიანად გამოხატავს. „რეალპოლიტიკა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზაა. მიზნის მისაღწევად ომისა და ძალადობის გამოყენება უტოპიაა და მეტი არაფერი". - ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა გავჩერდეთ. უწინარესად უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს არ აღიარებს. ეს პოლიტიკური ავანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მეცნიერული კვლევა ჰონგ-კონგი, ჩინეთი-1997, როდესაც 99 წლის შემდეგ ინგლისმა ჩინეთს ჰონგ-კონგი დაუბრუნა, შესაძლოა ასი პროცენტით არ ემთხვეოდეს ჩვენს პრობლემას, შესაძლოა ფანტაზიის ნაყოფი და კონტექსტიდან ამოვარდნილიც იყოს. მაგრამ, მთავარი ის გახლავთ, რომ თუნდაც ირიბი პარალელების ძიება, მოწინააღმდეგესთან პოლიტიკური ვაჭრობის საუკეთესო მაგალითების მოხმობა, დიპლომატიური ნიუანსების გამოყენება და მრავალი სხვა მიგვიყვანს პრობლემის სწორ გადაწყეტამდე. მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო და არის იდეა, რის ნაკლებობასაც ვუჩივით ჩვენ ყველანი. ეს კი ჩვენი საზოგადოებისთვის უმთავრესია. სწორი გზის ძიებაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს. მსჯელობა, კამათი, ძიება, კვლევა, აზრთა ჭიდილი, აი სად იბადება ჭეშმარიტება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელებს არ ჩამოვყრით, არ დავიღლებით . საქართველო და აფხაზეთი ერთი სხეულია, რომლის დანაწევრებაც შეუძლებელია.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი პრეზენტაციის მესვეურებს, დამსწრე საზოგადოებას, წიგნის ავტორებს, პროფესორებს ჯემალ გახოკიძეს და სოფო მიდელლაშვილს ამ შესანიშნავი ნაშრომისთვის". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.