აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქ. ანკარაში იმყოფებოდა. დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საელჩოში აფხაზეთის ომის 22-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები "დევნილები ფოტოკამერებში" და "კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ", ასევე, საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია.

გამოფენა გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ. გამოფენის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და აფხაზური კულინარიის კერძები დააგემოვნეს.

მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების წარმომადგენლები, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები როგორც ანკარიდან, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ანკარის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.