აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, მ.წ. 10 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის  შედეგად დაღუპულთა გამო.

ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ტერორიზმი არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ეთნიკურობას. სწორედ ამიტომ არის, რომ აღნიშნული ტრაგედია აღემატება ერთი კონკრეტული ქვეყნის ტრაგედიას და ის ყველა ჩვენთაგანის ტკივილად აღიქმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად თურქეთის მოსახლეობას.