აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მოადგილეებთან - მანანა ქვაჩახიასთან და როლანდ ნიჟარაძესთან, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მარიამ ჩიქოვანს, თინა ლეჟავას, ნათელა ბუკიას, მარინა გურჩიანს, ნანული საინიშვილს, ალექსანდრა ჩაკაბერიას და რუბენ კოპალიანს სახლებში ეწვია. ხოლო ერთი მათგანი - ნაპოლეონ მესხია რკინიგზის საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალ თაობებზე ზრუნვისა და მათზე გაწეული ამაგისათვის. ასევე, მინისტრმა მათ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და აღზრდილების წარმატებები უსურვა.

პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.