აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისში ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაივანებს

მოგზაურობა დაასრულა აფხაზეთის მთავრობის მიერ შეწირულმა ხატმა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული ძმობის, ერთობის, მშვიდობის, თანხმობის, ერთსულოვნების აღდგენისა და ძმათამკვლელ ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ხატი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით ერთი წელია, მოგზაურობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან აფხაზეთიდან დევნილები.

ნიშანდობლივია, რომ ეს მოგზაურობა ხატმა 2014 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების  დღესასწაულზე, სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო.

ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გმირთა მოედანზე, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აფხაზეთის ხელისუფლებას იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ქვისგან თლილი ჯვარი გადასცა ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვების ნიშნად.

ბოროტებაზე გამარჯვებას, მტრის მზაკვრობათა განქარვებას, წილხვედრი ერის გამთლიანებას, ქართველთა და აფხაზთა გულებში ჭეშმარიტი სინანულისა და ურთიერთმიტევების დანერგვას შესთხოვდა დედა ღვთისას ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს ეკლესიის მრევლი და, განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობა ქუთაის-გაენათის, ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ბათუმისა და ქობულეთის, ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამთავისისა და გორის, ალავერდის, ჭყონდიდის ეპარქიების სხვადასხვა ტაძრებში.

დღეს, 27 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაულზე, ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი  ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაივანებს (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია).

ხატის ტაძარში დაბრძანების პროცესს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ქართველებსა და აფხაზებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს ილორის ტაძარში დავანებულია ხატი, რომლის საქართველოში მოგზაურობის ინიციატორი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახლდათ. ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ორი წლის წინ დაიწერა და ეძღვნება აფხაზეთის ომში დაღუპულ აფხაზებსა და ქართველებს. ხატი, რომელსაც საოცარი ძალა აქვს, უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, წინ გაგვიძღვება აფხაზეთში დაბრუნების დროს. ის იქნება ჩვენი მეგზური აფხაზებისა და ქართველების შერიგების გზაზე. დადგება დღე, როცა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მოიკრებს ძალას და გაყვება გზას, რომელიც ნდობის აღდგენისა და ერთიანობისკენ გაგვიძღვება. ჩვენს შორის ღვარძლი გაქრება, ომის შედეგებს შევიწყნარებთ, აფხაზები და ქართველები ერთად შეუდგებიან ერთიანი ქვეყნის მშენებლობას. აი, რაზე მეტყველებს ეს სოცარი ძალის მქონე ღვთისმშობლის ხატი. მე მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მთელ საქართველოს, ვუსურვო ბედნიერება, ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრება“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აქვე გთავაზობთ სახელდახელოდ ამ ხატისთვის დაწერილ ლოცვას, რომელიც პატრიარქის კურთხევით, განსაკუთრებით  ყველა დევნილმა ზეპირად უნდა იცოდეს:

 

ლოცვა ღვთისმშობლის ხატისა

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული“

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო,

შუამდგომელო ჩვენო, მოჰხედე წილხვდომილსა ერსა შენსა და

განაქარვე მზაკვრობანი მტერთა ჩვენთანი. ქართველთა და

აფხაზთა, შეგვინდე კაცისკვლანი და ყოველნი საქმენი ბოროტნი.

მოგვმადლე მშვიდობა, თანხმობა და ერთსულოვნება, განანათლე

დაბნელებული გონება ჩვენი, ყოვლადუბიწოო და დაჰნერგე

გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი სინანული და

ურთიერთმიტევება.

დალოცე ღვთისმშობელო ქალწულო ძმობა ქართველთა და

აფხაზთა, რათა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილნი

ერთობით ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა ძისა შენისასა,

რომელსა შუენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით

და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი

უკუნისამდე, ამინ!