აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობენ

ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ხელოვნურ ნამოსახლარზე, ბორცვ „ტაბაკონზე“, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ სამუშაოებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სწავლობენ გათხრებისა და მონაპოვარი მასალების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიას.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე დაესწრნენ.

სტუდენტებს არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიულ-პრაკტიკულ უნარებს.

ვახტანგ ყოლბაიამ გათხრების პროცესში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროცესში შესაძლოა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთონ.

„თორსაში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები, თავისი შემადგენლობით   80-იან წლებში,  ნაბაკევში, თაგილონში, აფხაზი და ქართველი არქეოლოგების მიერ წარმოებული გათხრების შედეგად   განძის მსგავსია. არქეოლოგების აზრით, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ  აღმოჩენილი ნამოსახლარები ერთ შრეში, ერთ ხაზზე მდებარეობს და ეს კოლხური კულტურის გაგრძელებაა. ამიტომაც  ვიმეორებთ გამუდმებით, რომ  ხელოვნური საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ძალიან პირობითია.  ეს განუყოფელი ტერიტორიაა, როგორც ისტორიული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით.  სამეგრელოს ამ კუთხეში, თორსაში მიმდინარე  არქეოლოგიურ  გათხრებს  გერმანიის მთავრობა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი აფინანსებს, რომელიც ამავე დროს, თავადც მონაწილეობს  მიმდინარე გათხრების პროცესში. ყველაზე მეტად მახარებს, რომ გათხრებში  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის, არა მარტო პროფესიის საბოლოოდ არჩევის თვალსაზრისით, არამედ  საქართველოს ისტორიული და უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის ასე ახლოს გაცნობის მხრივაც. უნივერსიტეტის რექტორ ჯონი აფაქიძესთან ერთად დეტალურად გავეცანი ჩვენი ახალგაზრდობის   მიერ წარმოებულ სამუშაოებსაც. უკვე გამოვლენილია რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც შეიძლება ითქვას, არჩეული აქვთ არქეოლოგის სპეციალობა. მახარებს ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი არქეოლოგიური ექსპედიცია ამ მონაკვეთზე.  მსგავსი ექსპედიციები  კვლავაც გაგრძელდება და მასში კვლავ მიიღებენ  ახალგაზრდები მონაწილეობას. წელს ეს პრაქტიკა სულ 50-მა სტუდენტმა გაიარა. ვფიქრობთ მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება.  როგორც წეღან გითხარით გამოირჩნენ ახალგაზრდები, რომლებიც არქეოლოგიას გაყვებიან. იმედი მაქვს, რომ ისინი თავის აფხაზ თანატოლ არქეოლოგებთან ერთად გააგრძელებენ  ამ სამუშაოებს და თავად მოიძიებენ  ქართულ-აფხაზურ  ისტორიულ ძეგლებს.  მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს არქეოლოგიის საზოგადოებას, არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს – ბატონ ვახტანგ ჯაფარიძეს ახალგაზრდებზე გაწეული ზრუნვისა და გარჯისათვის.

გამოითქვა ინიციატივა, რომ კარგი იქნება ამ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმაც. ეს ბავშვებისთვის სერიოზული მოტივაცია იქნება და მათ სკოლის დამთავრებამდე გაუჩნდებათ გარკვეული ინტერესი პროფესიის შერჩევაში.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, სოფლისა და რაიონის გამგეობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ გათხრებს და მხარში უდგანან მეცნიერებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.

მადლობა მინდა გადავუხადო  გერმანიის საელჩოს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტს, რომელთა  უშუალო ფინანსური მხარდაჭერითაც ეს გათხრები მიმდინარეობს“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.