აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობამ 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონ გუნდ „სოხუმს“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდის, „სოხუმის" წევრებს შეხვდნენ, საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა „სოხუმმა" ბექა გოლეთიანის, ბუბა ბერიშვილის, ვახტანგ ქადარიასა და დავით ბარბაქაძის შემადგენლობით რუმინეთში, წარმომადგენლობით ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა. სოხუმელებმა აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება სწორედ საქართველოს ჩემპიონატის მოგებით დაიმსახურეს.

გუნდი „სოხუმის" წევრი ვახტანგ ქადარია სტამბოლში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 1X1. შარშან ვახტანგ ქადარიამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

შეხვედრაზე გუნდ „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.