აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსთაველის თეატრში გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

8 ივნისს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს, სოხუმში, ხოლო პირველი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერე უკვე საქართველოს სხვა თეატრებში.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა.

ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2 , მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გენო კალანდიას საუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი," აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი," აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ჯგუფი „ფორტე," სოფო და ბორის ბედიები. მის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები: მარინა კახიანი, მურმან ჯინორია, მერაბ ყოლბაია, გიორგი გასვიანი, ნინო შავგულიძე, დათო ბერაძე.

საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართება.