აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფოთში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრის მიზანი დევნილი ახალგაზრდებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

ასევე, რეგიონში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების განსასაზღვრად კვლევა ჩატარდა, სადაც გამოიკვეთა მოზარდების ინტერესების სფერო და შესაძლებლობები სამომავლო პროექტებში მათი ჩართულობის მიზნით.

ღონისძიებას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი უძღვებოდა.

შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, IPYG საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის კოორდინატორი, ბიზნესმენი ვახტანგ ხორავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭოს, მეწარმე ქალთა ფონდისა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაცია ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო იყო.