აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი დადგენილება „ქალაქ რუსთავში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ".

უმაღლესმა საბჭომ დადგენილების კანონპროექტი შენიშვნების გათვალისწინებით მიიღო.

აღნიშნული დადგენილების პროექტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფი ძირითადად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

დღევანდელი სხდომის დეტალებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ისაუბრა: „დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხებოდა აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმებს. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ჩვენი ქალაქების წარმომადგენლობით ორგანოებს, მერიებს, საკრებულოებს და მათთან ერთად განვსაზღვროთ ის პატარა სტრატეგია, რომელიც ეხება დევნილებს მათ ყოფას, მათ სოციალურ მდგომარეობას და ა.შ."