აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

არქიმანდრიტ ადამის წიგნის „სოხუმის ქუჩაზე“ პრეზენტაცია გაიმართა

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" აფხაზეთის მთავრობამ და საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტმა არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძის) წიგნის „სოხუმის ქუჩაზე" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე ვახტანგ ყოლბაიამ წიგნის მნიშვნელობასა და ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში მის წვლილზე ისაუბრა, რისთვისაც არქიმანდრიტ ადამს მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საერო და საეკლესიო მოღვაწენო. დამეთანხმებით, განსაკუთრებული დღეა, რადგან ყველანი სიმბოლურად თითქოს „სოხუმის ქუჩაზე" შევიკრიბეთ, რეალუარად კი მამა ადამის წიგნის „სოხუმის ქუჩაზე" პრეზენტაციაზე მოვიყარეთ თავი.

მამა ადამი ბათუმში, „სოხუმის ქუჩაზე" დაიბადა და გაიზარდა. ამ ქუჩის მცხოვრებნი სოხუმის, აფხაზეთის სიყვარულს გულით ატარებდნენ ისევე, როოგორც აფხაზეთში ბათუმისას, თბილისის ქუჩის მცხოვრებნი კი ეტრფდნენ აჭარას და საქართველოს დედაქალაქს.

არაფერი არ ხდება შემთხვევით. არც ის არის გასკვირი, რომ წიგნის გამოცემის იდეა აფხაზ ქალბატონს, სვეტლანა ქეცბას ეუკთვნის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს. მადლობა ქალბატონ სვეტლანასამ იდეისთვის. უღრმესი მადლობა არქიმანდრიტ ადამს, რომელმაც წიგნი მთლიანად აფხაზეთს მიუძღვნა!

ხელთ მაქვს მამა ადამის წიგნი „სოხუმის ქუჩაზე" და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს გაგრა და თბილისი მართლა დაუახლოვდა ერთმანეთს, ლოცვას დიდი ძალა აქვს, წიგნს კი დიდი ენერგია. ეს კი რწმენას გვიძლიერებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენს საცხოვრისს.

არ მინდა პოლიტიკური დატვირთვა შევძინო ჩემს გამოსვლას, მაგრამ მწამს, რომ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დავუბრუნდებით სულიერების, კულტურის, ერთი ისტორიის, ერთი ფესვების, ერთი კოლხური სამყაროს გზით.

არაფერს ისე არ უნდა გაუფრთხილდნენ იქ აფხაზეთში, როგორც კულტურულ-ისტორიულ, საეკლესიო ტაძრებს და ძეგლებს, რადგან ის მათი მემკვიდრეობაც არის ისევე, როგორც ჩვენი - ქართველების!

 

ქართულ ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა, ქართული იყო და არის ხელნაწერები, ეს კი ჩვენი საერთო გადარჩენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი ჩვენი ერთიანობის გარანტია. წიგნმა „ სოხუმის ქუჩაზე" ყველანი გაგვათბო, განურჩევლად იმისა, ვინ სად დაიბადა. ეს დიდი მადლია.

ლექსი - „მარტოხმელი ჩემი აფხაზეთი", იტევს იმ ტკივილს, რაც ყოველ ჩვენგანშია. ყველას დააფიქრებს ლექსები „საფლავებზე ამოკაწრული წარწერები სინანულისანი", „ზეცავ, ძმობის მკვლელის, ავაზაკის სიყვარული მაპატიე", „ლექსი „ჭუმბერზე", „აპოიკალიფსური - 1993", „დამაბრუნეთ, ბავშვობაში დამაბრუნეთ".

ეს წიგნი დღეს დაიბადა, მასში მძაფრი სულიერი განცდებია: ლოდინი, მზრუნველობა, ყურადღება, მონატრების განცდა, ლოცვა-ვედრება, ტკივილი, იმედიც არის და უიმედობაც, მაგრამ ამ შესანიშნავ კრებულს მართავს სიყვარული, რასაც ყველანი პირველი ლექსის წაკითხვისთანავე ვგრძნობთ. ეს კი დიდ მაგნიტია მკითხველისთვის.

და ბოლოს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უნდა ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოსთვის. ხელის გაწვდენა, სხვის იმედად ყოფნა არაფერს გვარგებს. ჩემი გამოსვლა მამა ადამის ლექსის სტრიქონით მინდა დავასრულო:

„ნიჭიერებას ბედნიერება არ რგებია ყოველთვის იღბლად,
ან რას ეძებდი?
ქვეყნად ღვინოში ჩაწებულ პურს
ვინ გადმოგიგდებს,
სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში!
მხოლოდ წასულებს იხსენიებენ ასე ლამაზად!", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.