აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის  ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს პარლამენტში  „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დამსწრეებმა  რუკისა და აფხაზეთის არქიტექტურული ნაგებობების მდგომარეობაზე იმსჯელეს. მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.

ასევე გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკაზე დატანილი ტაძრების მდგომარეობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკა წარმოაჩენს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტ რიცხოვნობას, რაც სამომავლოდ  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ფართო საზოგადოებისთვის, მეცნიერეული წრეებისთვის, სპეციალისტებისთვის, ექსპერტებისთვის  რუკის მნიშვნელობა ძალიან დიდია. არსებობს მისი ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.

„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის  რეკომენდაციით, ჩვენი კულტურის სამინისტრო მუშაობდა რუკაზე, რომელიც მოიცავს აფხაზეთში არსებულ ყველა ძეგლს.  ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, ჩვენმა სპეციალისტებმა საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავეს ეს ძალზე საინტერესო რუკა. ამ რუკაზე  დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს აფხაზეთში დღეს არსებული კულტურული ძეგლის ადგილმდებარეობა. საზოგადოება ასევე აღმოაჩენს იმასაც, რა სავალალო მდგომარეობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული ძეგლები. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.  დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ რუკის გამოცემა  მნიშვნელოვანი  მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს  სპეციალისტების  და ექსპერტების დასკვნების გარდა სჭირდება  ერთობლივი ძალისხმევა,  რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.