აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები" გაიმართა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართა.

მრგვალ მაგიდასთან განიხილეს შემდეგი თემები: „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებიდან - აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემებამდე: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა აგრობიზნესში" და „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის".

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე გოჩა ცოფურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოგვარების გზები, აჩვენოს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დევნილთა აგრობიზნესში მონაწილეობის პერსპექტიული მიმართულებები.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა და მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.