აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრო

თბილისი, 1-5 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომლის თემაა: "25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით". ასევე, ყოველწლიური სესიის ფარგლებში, დებატების ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იქნება.

საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეუთოს თავმჯდომარემ ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და "თბილისის დეკლარაციის" მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გაეგზავნება.