აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL-ის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 20 ბავშვი გაემგზავრა, რომელთა უმეტესი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილე  ბავშვებსა მათ მშობლებს ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია შეხვდნენ და ბედნიერი დასვენება უსურვეს. პროექტში მონაწილე ბავშვები ესპანეთში გამთენიისას გაემგზავრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.